Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად.
2უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.
3უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.
4მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.
5აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
6უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.
7გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
8აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.
9უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!
10მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.
11შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.
12შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.
13ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.
Next