თავი - 1
Previous1იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
2ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული.
3ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.
4სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.
5როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.
6ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის.
7უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.
8უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.
9მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?
10განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.
11აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
12უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.
13ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში,
14მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;
15დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
16ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
17ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
18ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
19ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
20ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.
21თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.
22მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.
Next