თავი - 13
Previous1იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.
2ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია.
3ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს.
4ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახში რომ ცხოვრობდა,
5ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.
6ამ დროს იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ართახშასთას, ბაბილონის მეფის, ოცდამეთორმეტე წელს, მეფეს ვეახელი; ხანი რომ გამოხდა დავეთხოვე მეფეს.
7დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით.
8ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.
9ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი.
10გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.
11ვედავე წინამძღვრებს და ვუთხარი: რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
12მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.
13საგანძურები ჩავაბარე შელემია მღვდელს, ცადოკ მწიგნობარს და ფედაია ლევიანს. მათთან ერთად ხანანს, მათანია ზაქურის ძის ძეს, რადგან ისინი ცნობილი იყვნენ ერთგულებით. მათ დაეკისრათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.
14ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია.
15იმ ხანად შევნიშნე, რომ იუდაში შაბათობით საწნახლებში ღვინოს წურავენ, ძნებს ზიდავენ, სახედრებს ჰკიდებენ ღვინოს, ყურძენს, ლეღვს, ყველანაირ საპალნეს, და შაბათ დღეს იერუსალიმში მიაქვთ. მე გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა საჭმელ-სასმელს ყიდდნენ.
16იერუსალიმშივე ცხოვრობდნენ ტვიროსელნი. მათ შაბათობით მოჰქონდათ თევზი, ყველა სხვა გასასყიდი საქონელი და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებს ასყიდებდნენ.
17გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს?
18განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე!
19შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.
20სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.
21ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.
22ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!
23იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
24და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.
25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
26განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა.
27სად გაგონილა ამდენი ბოროტების კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?
28იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის, ძეთაგან ერთ-ერთი სანბალატ ხორონელის სიძე იყო; თავიდან მოვიშორე იგი.
29ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს.
30გავწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისგან; მღვდლებს და ლევიანებს სამსახური აღვუდგინე თავთავიანთ საქმეში.
31ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.
Next