თავი - 41
Previous1აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
2მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
3ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
4არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
5ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
6მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
7მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;
8ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;
9ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;
10მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;
11მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
12ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
13მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
14მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
15ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
16ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
17წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
18მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;
19რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;
20ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;
21ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;
22წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;
23ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;
24თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;
25არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;
26ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.
Next