თავი - 40
Previous1მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
2რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.
3მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
5ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.
6მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
8გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
10აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!
11აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!
12დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი!
13მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე.
14მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.
15აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.
16აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია;
17ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;
18მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები;
19ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;
20მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.
21ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში;
22ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია;
23აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში.
24თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?
25თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
26ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?
27თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?
28თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?
29თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?
30თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის?
31თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით?
32შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.
Next