Eleos

Contents

თავი - 39

Previous
1თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?
2თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა?
3ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.
4მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.
5ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
6რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?
7ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
8მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
9თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს?
10ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?
11თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?
12თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
13ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?
14რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ;
15ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს მას.
16სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა სიფრთხილის გარეშე;
17რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;
18რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.
19შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი ზარდამცემია!
21მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.
22შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;
23მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.
24გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს;
25ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.
26შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი?
27შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?
28კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე;
29იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი;
30მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება.
Next