თავი - 38
Previous1მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
2ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
3წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
4სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
5ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?
6რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
7როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?
8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
9როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,
10როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?
12თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
13რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
14გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება,
15წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.
16თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
17თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
18თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
19სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
20რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?
21თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?
22თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
23რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
24რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
25ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
27რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?
28თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
30როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?
31თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?
32თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?
33თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?
34ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?
35თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!
36ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
37ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის,
38როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?
39ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,
40როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?
41საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?
Next