Eleos

Contents

თავი - 37

Previous
1ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.
2უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!
3მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;
4მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.
5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
6რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
7ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;
8მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;
9სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
11წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;
12ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე;
13თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.
14ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!
15თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?
16თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი?
17თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?
18თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?
19გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.
20თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას?
21ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს.
22ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!
23ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.
24ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს.
Next