თავი - 36
Previous1განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
3შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს.
4რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე.
5აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი;
6ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს;
7მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;
8თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
9გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
10გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;
11თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;
12თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
13გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;
14სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
15ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.
16შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;
17შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არიან მოჭიდებულნი.
18ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს, დიდმა გასამრჯელომ არ გადაგხაროს.
19თუ გიშველის ყვირილი გასაჭირში ან მთელი შენი ძალისხმევა?
20ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;
21ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
23ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?
24გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.
25მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.
26აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.
27შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
28რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
29თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?
30აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში;
31რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;
32ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ;
33თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას.
Next