თავი - 34
Previous1კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
2ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!
3რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:
4ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა არის უკეთესი.
5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
6მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.
7თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას?
8ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?
9რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?
10ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!
11რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.
12ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
13ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
14თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
15ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;
16თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:
17იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს?
18ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!
19ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
20წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით;
21რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს;
22ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;
23რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ სამსჯავროზე.
24ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე.
25რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან,
26როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად;
27რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
28რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.
29როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი?
30რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს.
31რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.
32შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.
33შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!
34გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.
35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
36ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
37რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.
Next