თავი - 33
Previous1აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.
2აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში.
3გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;
4ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
5თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!
6აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.
7ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ გამძიმებს.
8ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა:
9სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;
10ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო;
11ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.
12აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
13რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
14ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
16მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,
17რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
18რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
20მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
21დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
22მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;
23თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,
24შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,
25განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება.
26ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;
27ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო.
28იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.
29აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს,
30რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.
31ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
32თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.
33თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს.
Next