თავი - 32
Previous1შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.
2მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი.
3თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი.
4ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით.
5დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, და განრისხდა.
6მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი.
7ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
8ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
9დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
10ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
11მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
12გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.
13ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.
14ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ.
15გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი;
16მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
17მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს.
18რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
19აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
21პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები;
22რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!
Next