Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
2რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
3განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
4განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
5თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი,
6ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;
7თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
8მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
9თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,
10მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული;
12რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს.
13თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,
14რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?
15განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?
17ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?
18(რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).
19თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,
20და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
21თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
22ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
24თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
26თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
27იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
28ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
29თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!
30არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.
31თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?
32მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.
33თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!
34რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.
35ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
36ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი!
37გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
38თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს,
39თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს,
40ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები.
Next