Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;
2რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ.
3შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში;
4ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური;
5ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან;
6რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;
7ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;
8არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;
9ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;
10ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,
11რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.
12მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;
13დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;
14თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;
15საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
16და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
17ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;
18ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;
19ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;
20შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ;
21მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;
22ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.
23ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;
24განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?
25განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?
26ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;
27შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;
28ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;
29ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;
30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
31მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!
Next