Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
2ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!
3როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
4როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით ჩემს კარავზე!
5როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ გარს!
6როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე!
7როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს!
8დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
9მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;
10დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;
11ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
12რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;
13დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;
14მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;
15უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;
16გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
17ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.
18მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;
19ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.
20კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში.
21მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე.
22ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;
23როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;
24გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ.
25გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.
Next