Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;
2რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.
3ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;
4მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;
5მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;
6საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!
7მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც არ დაუნახავს;
8ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია;
9კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;
10კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.
11მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
12სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
13მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.
14უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.
15არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
16არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
17ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
18არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.
19ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.
20საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
21უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
24რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.
25როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
26როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
27მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა.
28უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.
Next