Eleos

Contents

თავი - 27

Previous
1განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
2ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
3ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,
4თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი,
5შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება!
6ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!
7შეირაცხოს ჩემი მტერი როგორც ბოროტეული და ჩემი წინააღმდგომი - როგორც უკეთური!
8რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა ამოართმევს სულს ღმერთი?
9განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?
10ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
11მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ.
12თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი?
13ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.
14თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.
15მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ;
16თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,
17დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს შეხვდება წილად;
18ჩრჩილივით აშენებს თავის სახლს და დარაჯის ხულასავით აკეთებს.
19მდიდარი წვება დასაძინებლად, მაგრამ როდემდის? გაახელს თვალს და გამქრალია ყოველივე.
20ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი.
21წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას.
22მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს მის ხელს.
23ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან.
Next