თავი - 23
Previous1მიუგო იობმა და უთხრა:
2დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
5გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
6მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.
7იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
8აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.
9მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.
10მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.
11მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
13ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.
14ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.
15ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი.
16ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.
17ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე!
Next