Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
2რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.
3რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
4განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?
5განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
6რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;
7მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი;
8მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ;
9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
10ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;
11წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?
12განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
13შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?
14ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.
15ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?
16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
17ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?
18მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა!
19უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი.
20ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა!
21შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება;
22მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;
23თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;
24მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;
25ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.
26რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;
27ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;
28რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.
29თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.
30ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.
Next