Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
2ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
3ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
4გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
5აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
6სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ;
7შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.
8მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან;
9მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;
10შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;
11მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ;
12ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას.
13ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე.
14დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
15მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.
16ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;
17რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.
18მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.
19გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს;
20დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
21ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს!
22სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია.
23აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს;
24მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან!
25თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს?
Next