Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
2ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.
3ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:
4ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
5ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
6თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
7თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?
8გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება;
9თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს;
10მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს;
11სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში;
12თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას,
13თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს,
14უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში.
15ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი.
16უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.
17ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!
18დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;
19რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;
20რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს;
21ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა;
22თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას.
23მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
24გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი;
25შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.
26მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი;
27ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;
28წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.
29ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.
Next