Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1მიუგო იობმა და უთხრა:
2როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?
3უკვე მეათეჯერ შეურაცხმყავით მე და გამიუცხოვდით უსირცხვილოდ?
4თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.
5თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს,
6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
9დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი;
10ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;
11თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;
12ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს;
13მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;
14მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამივიწყეს მე;
15ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ თვალში;
16მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევედრები;
17ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს და ჩემი სუნი - ჩემს ნაშიერთ.
18ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ;
19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
21შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
22რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
23ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!
24რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!
25მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!
26და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;
27მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!
28თუ იტყვით: რას ვდევნითო მას და საქმის ფესვი მასში იპოვებაო;
29მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!
Next