თავი - 18
Previous1მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
2როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
3რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?
4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
7დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;
8რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
9ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
11საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;
12დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
13ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;
14ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან;
15მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;
16ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;
17მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;
18განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;
19არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
20მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.
21ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
Next