Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.
2თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,
3დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს.
5დანიშნა დრო უფალმა და თქვა: ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.
6აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა.
7გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.
9მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
10აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.
11ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელს ეგვიპტეს.
12გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
14თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე.
15აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან.
16მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.
17აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.
18აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე.
19ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა.
20ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.
21ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.
22უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ მოიღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე, კაცი, პირუტყვი და მინდვრის ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში.
23ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს.
25ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა.
26მხოლოდ გოშენის მხარე არ დასეტყვილა, სადაც ისრაელიანები ცხოვრობდნენ.
27დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.
28შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.
29უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.
30მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.
31განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა.
32ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო.
33გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე.
34დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა.
35გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
Next