თავი - 10
Previous1უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში,
2რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ.
3მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.
4თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.
5დაფარავს მიწის პირს და შეუძლებელი გახდება მიწის ხილვა; შეგიჭამთ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, ხეებს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
6აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან.
7უთხრეს ფარაონს მისმა მორჩილებმა: როდემდის ვითმინოთ ეს სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე?
8დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა?
9უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს.
10უთხრა მათ ფარაონმა: ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით!
11ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან.
12უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა.
13მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.
14შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია.
15დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
16სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე.
17ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი.
18გამოვიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
19შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.
20გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელიანები.
21უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.
22ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს.
23ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში.
24უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს, ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ.
25უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.
26ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს.
27გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება ფარაონმა.
28უთხრა ფარაონმა: მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით აღარ დამენახო, თორემ იმდღესვვ მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.
29მიუგო მოსემ: სწორს ამბობ: მეტს აღარ დაგენახვები.
Next