Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან.
2დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
3მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში.
4თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.
5მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
6ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება.
7ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.
8ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული.
9უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად.
10მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.
Next