Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
3ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.
4თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
5საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
7აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას.
8იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.
9ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
11ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
12მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
14სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული.
15შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
16პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
18ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.
19შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი.
20საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.
21უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი.
22აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში.
23ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.
24წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ.
25როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.
26თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
27ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
28წავიდნენ ისრაელიანები და აღასრულეს; როგორც უბრძანა უფალმა - მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს.
29შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31იხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე და უთხრა: ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32თქვენი ცხვარ-ძროხაც წაიყვანეთ, როგორც ამბობდით, წადით და მეც დამლოცეთ.
33აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი.
34წაიღო ხალხმა ჯერ კიდევ უფუარი ცომი; ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
37დაიძრნენ ისრაელიანები რამსესიდან სუქოთისკენ - ბავშვებს გარდა ექვსასი ათასამდე ქვეითი კაცი.
38თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი, ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი.
39დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ.
40ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.
41გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან.
42საუფლო დღესასწაულის არის ეს ღამე, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; უნდა იდღესასწდლონ ეს ღამე ისრაელიანებმა თაობიდან თაობაში.
43უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: ასეთია პასექის წესი: უცხოთესლმა არ უნდა ჭამოს იგი.
44ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა ყმამ, თუ წინდაცვეთილია, ჭამოს.
45ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს.
46ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ.
47ისრაელის მთელმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს.
48თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.
49ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას.
50აღასრულეს ისრაელიანებმა; როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს.
51სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად ისრაელიანები.
Next