თავი - 13
Previous1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
3უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
4დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში.
5როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.
6შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
7ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში.
8ასე გამოუცხადე ამ დღეს შენს შვილს: ეს იმის გამოა, რაც გამიკეთა უფალმა, როცა ეგვიპტიდან გამოვდიოდი-თქო.
9გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
10იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე.
11როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას,
12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
13ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე.
14როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
15როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
16გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
17როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო.
18შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვისკენ; დარაზმულნი ამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტიდან.
19თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ფიცით ჰყავდა დაფიცებული იოსებს ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიყოლეთო აქედან ჩემი ძვლები.
20დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს.
21წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
22არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი.
Next