Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2უთხარი ისრაელიანებს, გაემართონ ფი-პეხიროთისკენ და დაიბანაკონ მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაალცაფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ.
3იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათო ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო.
4გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ.
5ემცნო ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონს და მის მორჩილთ ამ ხალხზე და თქვეს: ეს რა ვქენით, რომ გავათავისუფლეთ ისრაელიანები ჩვენი მორჩილებისგან?
6შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და იახლა თავისი ხალხი.
7წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები.
8გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანებს. ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ.
9უკან დაედევნა მათ ეგვიპტე და მიეწივნენ ფი-პახიროთთან, ბაალ-ცაფონის გასწვრივ, ზღვის პირას დაბანაკებულთ ფარაონის ეტლები, მხედრები და ჯარი.
10მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.
11უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?
12განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია?
13უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
14უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.
15უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს.
16შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში.
17ხოლო მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.
18მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.
19დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ.
20ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა. მთელი ღამის მანძილზე არ მიახლოვებიან ერთმანეთს.
21დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.
22მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.
23დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები.
24დაჰხედა დილის სახმილავზე უფალმა ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და არივ-დარია ეგვიპტელთა ბანაკი.
25დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს.
26უთხრა უფალმა მოსეს: დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ.
27დააღირა ხელი ზღვას მოსემ და განთიადამდე მიიქცა ზღვა თავის ადგილას. უკან მიბრუნებული ეგვიპტელები მიაწყდნენ ზღვას და ჩაყარა ისინი უფალმა შუაგულ ზღვაში.
28მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.
29ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.
30იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის ნაპირზე.
31იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
Next