Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
2ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
3მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
5მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
6შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
7შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ.
8შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.
9თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.
10სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
11ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
12მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.
13ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.
14გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
15მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
16დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
17შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
18იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!
19როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
20აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
21ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
22დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე).
24შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?
25შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
27მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.
Next