Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
2შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში.
3უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!
4უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.
5მეექვსე დღეს დაამზადებენ მოტანილს და იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ.
6უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელიანს: საღამო ხანს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით?
8თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
9უთხრა მოსემ აარონს: უთხარი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი.
10როდესაც ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას, გაჰხედა უდაბნოს და, აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება.
11ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
12ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
13საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.
14დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.
15დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
16ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ.
17ასე მოიქცნენ ისრაელიანები: შეაგროვეს, ვინ ბევრი, ვინ ცოტა.
18არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები.
20არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე.
21აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
22მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს.
23უთხრა მათ მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ.
24მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.
25უთხრა მოსემ: დღეს ჭამეთ, რადგან დღეს უფლის შაბათია; ვერაფერს იპოვით დღეს ველზე.
26ექვს დღეს აგროვეთ იგი; მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.
27გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი იპოვეს.
28უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?
29გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს.
30და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.
32თქვა მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: აავსე მანანით გომერი შესანახად თაობიდან თაობაში, რათა იხილონ პური, რომელსაც გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
33უთხრა მოსემ აარონს: აიღე ერთი ბადია, ჩადე შიგ სრული გომერი მანანა და დადგი უფლის წინაშე თაობიდან თაობაში შესანახად.
34დადგა აარონმა იგი შესანახად აღთქმის კიდობნის წინ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
35ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
36გომერი კი ეფას მეათედია.
Next