თავი - 17
Previous1დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
2შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?
3ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
4ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.
5უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე.
6მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?
8მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.
10ისე მოიქცა იესო, როგორც უბრძანა მოსემ: წავიდა ყამალეკთან საბრძოლველად, ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ.
11როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. როცა დაუშვებდა ხელს, ყამალეკი ძლევდა.
12დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე.
13სძლია იესომ ყამალეკს და მის ხალხს მახვილით.
14უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.
15ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი).
16თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
Next