Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1შეიტყო მიდიანელმა მღვდელმა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ყველაფერი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსეს და ისრაელს, თავის ერს, როდესაც გამოჰყავდა უფალს ისრაელი ეგვიპტიდან.
2წამოიყვანა ითროშ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.
3მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში.
4ხოლო მეორეს - ელიაზარი, რადგან თქვა: მამაჩემის ღმერთი შემწედ მყავდაო და მიხსნა ფარაონის მახვილისგან.
5და მივიდა ითრო, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან.
6შეატყობინა მოსეს: შენი სიმამრი მოვედი შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.
7მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანისცა და გადაკოცნა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.
8უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, ისრაელის გამო რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და როგორ იფარავდა მათ უფალი.
9გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან.
10თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.
11ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.
12მიუტანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ღმერთს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. მივიდნენ აარონი და ისრაელის მთელი უხუცესობა, რათა უფლის წინაშე ეჭამათ პური მოსეს სიმამრთან ერთად.
13მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად; დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე.
14დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე?
15უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.
16როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს.
17უთხრა სიმამრმა მოსეს: არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.
18გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
19ახლა გაიგონე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და შენთან იქნება ღმერთი. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი.
20ასწავლე მათ წესები და რჯული, უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ.
21გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.
22მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.
23თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.
24ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და შეასრულა ყოველი მისი ნათქვამი.
25გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
26სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ.
27გაისტუმრა მოსემ სიმამრი და ისიც წავიდა თავისთვის თავის ქვეყანაში.
Next