Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
2დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
3ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
4თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
5ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.
7მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
8ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
9უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
10უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.
11განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
13ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა.
14ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი.
15უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ.
16მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას.
18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
21უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
22მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
23უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი.
24უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი; მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს ისინი.
25ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
Next