Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ.
2თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას.
3გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.
4შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.
5უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
6მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.
7იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
8იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.
9უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?
10უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.
11მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.
12გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.
13აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.
14გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.
15დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
16უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს.
17ასეც მოიქცა: მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
18იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს.
19უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
20უთხრა უფალმა მოსეს: წადი დილაადრიანად და წარუდექი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ თაყვანი მცეს.
21თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან.
22გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა, ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი.
23გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ხვალ მოხდება ეს სასწაული.
24ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.
25უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში.
26უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!
27სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს.
28უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის.
29უთხრა მოსემ: აჰა, გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.
30გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
31შეიწყნარა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მორჩილთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.
32გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.
Next