თავი - 7
Previous1უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება.
2შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან.
3გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად.
4არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან.
5გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს.
6ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ.
7ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს.
8უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
9თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს: აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს! გველად იქცევა კვერთხი.
10მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად.
11უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს.
12მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15წადი დილით ფარაონთან; წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16უთხარი: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან; გეუბნება, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანი მცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე.
17ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.
18გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.
19უთხრა უფალმა მოსეს: ასე უთხარი აარონს, აიღეთქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს. მდინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება-თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში.
20ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.
21ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
22იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს.
25შვიდმა დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოსს.
Next