Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან.
2ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი.
3მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის.
4აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.
5მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.
7მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.
8მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.
9ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი.
10ასე უთხრა უფალმა მოსეს:
11მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.
12ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?
13ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.
14ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.
15სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები.
16ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
17გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
18კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.
19მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით.
20შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
21იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი.
22ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი.
23შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული, ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
24კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია კორახიანთა საგვარეულოები.
25ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
26ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.
27ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.
28მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს.
30თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?
Next