თავი - 5
Previous1მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.
2უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
3უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.
4უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს.
5კვლავ უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს.
6უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის ზედამხედველებსა და თავდგმურებს და უთხრა:
7აღარ მისცეთ ხალხს ბზე ალიზის მოსაზელად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით. წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ მოუკლოთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაჰყვირიან, წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!
9გაუძნელდება შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდება და ვეღარ მიუგდებს ყურს მაცთუნებელ სიტყვებს.
10გავიდნენ ხალხის ზედამხედველები და თავდგმურები და გამოუცხადეს ხალხს: ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს,
11წადით და თავად მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით. მოკლებით კი არაფერი მოაკლდება თქვენს სამუშაოს.
12მოეფინა ხალხი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ.
13ზედამხედველები კი აიძულებდნენ, ეუბნებოდნენ: ყოველდღიურად შეასრულეთ ის სამუშაო, რასაც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ.
14სცემდნენ ისრაელიანთა გზირებს, რომლებიც მიჩენილი ჰყავდათ მათთვის ფარაონის მოხელეებს, და ეუბნებოდნენ: რატომ არ გაგიკეთებიათ დაწესებული რაოდენობის აგური, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც დღემდე აკეთებდით?
15მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰბღავლეს ფარაონს: ასე რად ექცევი შენს მორჩილთ?
16ბზე აღარ ეძლევათ შენს მორჩილთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მორჩილთ. შენს ხალხს აწევს ცოდვა.
17მიუგო: ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ, წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს.
18ახლა წადით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგური კი იმდენივე უნდა მოგვცეთ.
19დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, როცა ებრძანათ, არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად დასამზადებელი აგურების რაოდენობას.
20როცა ფარაონისგან გავიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად გამოსულიყვნენ.
21უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.
22მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?
23მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი.
Next