Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?
2უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
3უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.
4უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი.
6კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი.
7უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს.
8თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.
9თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.
10უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.
11უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
12ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.
13უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.
14განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.
15ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
17ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.
18წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.
19უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა.
20შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.
21უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.
22უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.
23გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.
24გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.
26გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.
27უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.
28ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
29წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.
30თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
Next