თავი - 35
Previous1შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი საზოგადოება და უთხრა: აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა:
2ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.
3ცეცხლს ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.
4ასე უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ეს არის, რაც მიბრძანა უფალმა თქვენთვის სათქმელად:
5გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
6ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილი, სელი და თხისური,
7დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები,
8ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის,
9ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
10ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
11სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,
12კიდობანი და მისი კეტები, სახურავი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები,
14სასანთლე გასანათებლად, მისი მოწყობილობა და ლამპრები, და ზეთი გასანათებლად,
15სასაკმევლე სამსხვერპლო და მისი კეტები, მირონი და სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი ფარდა სავანის შესასვლელისთვის,
16სამსხვერპლო აღსავლენი მსხვერპლისათვის და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და მისი მოწყობილობა, საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
17ეზოს ფარდები თავისი სვეტებითა და კვარცხლბეკებითურთ, და ეზოს კარიბჭის ფარდა.
18სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ,
19შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად.
20გავიდა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსესაგან.
21მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.
22მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.
23ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები;
24ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი.
26ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.
27თავკაცებს მიჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები,
28ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.
29კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.
30უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
31აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,
32რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
33გამოთალოს თვლები მოსაოჭავად და გამოახარატოს ხე, შექმნას ხელოვნური ნივთნი.
34გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან.
35აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.
Next