თავი - 34
Previous1უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
2მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.
3კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.
4გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
5ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.
6ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.
7შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.
8იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.
9თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.
10თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს.
11დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.
12გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
13დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.
14რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
15ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.
16მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.
17ნუ შეიქმნი კერპებს.
18დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.
19ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
20საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
21ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.
22შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.
23წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.
24როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.
25ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.
26შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში.
27უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.
28დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
29როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.
30დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.
31დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ აარონი და საზოგადოების თავკაცები და ელაპარაკა მათ მოსე.
32ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე.
33შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე.
34როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს, რაც ებრძანებოდა.
35ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა მოსეს პირისკანი და ისევ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან სალაპარაკოდ არ შევიდოდა.
Next