თავი - 33
Previous1უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.
2ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.
3იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.
4მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
5უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.
6მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.
7აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა.
8როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი.
9როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.
10ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.
11პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.
12უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.
13და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი.
14თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ.
15უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან.
16როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?
17უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.
18თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.
19თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.
20თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
21თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
22როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.
23როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.
Next