Eleos

Contents

თავი - 32

Previous
1დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.
2უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ.
3დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს.
4გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
5ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ. გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ!
6მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.
7უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.
8მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
9უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
10ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
11ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
12რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
13გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.
14გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
15პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
16ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
17მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი ყიჟინაა ბანაკში.
18თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის.
19როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.
20აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.
21უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე.
22უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.
24მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა.
25დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.
26ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.
27უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.
28მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
29თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე.
30მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.
31დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.
32ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.
33უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.
35დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.
Next