Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,
3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
4რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება,
5მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად.
6აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
7სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი,
8ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო,
9აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი თავისი კვარცხლბეკითურთ,
10საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
11მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის - ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე.
12ასე უთხრა უფალმა მოსეს:
13ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.
14დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
15ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს საუქმო შაბათია, უფლისათვის წმიდა. ყველა, ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს.
16დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;
17ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
18მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
Next