Eleos

Contents

თავი - 36

Previous
1შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.
3ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას.
4მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თავ-თავისი საქმის მცოდნენი, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო,
5და ასე უთხრეს მოსეს: უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო.
6მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა.
7რაც კი შემოტანილი იყო, საკმარისი აღმოჩნდა მიელი საქმის გასაკეთებლად და ზედმეტადაც კი დარჩა.
8გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
9თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო და სიგანე თითოეული ნაჭრისა - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.
10ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერა, მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11გაუკეთა ლურჯი კილოები ერთ ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე; ასევე გაუკეთა ნაჭერს უკანასკნელი გადანაკერის კიდეზე.
12ორმოცდაათი კილო გაუკეთა ერთ ნაჭერს და ორმოცდაათი კილო გაუკეთა მეორე ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე ისე, რომ კილოები ერთმანეთს მისადაგებოდა.
13გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადააბა ერთმანეთს ნაჭრები კაუჭებით, ისე რომ ერთი მთლიანი კარავი გამოვიდა.
14დაამზადა ნაჭერი თხისურისგან სავანის გადასაფარებლად; თორმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადა.
15ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყო, სიგანე ერთი ნაჭრისა - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო დანარჩენი თერთმეტი ნაჭერი.
16ხუთი ნაჭერი ცალკე გადააბა ერთმანეთს, ხუთი - ცალკე.
17გააკეთა ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭრის კიდეზე, გადასაბმელთან და ორმოცდაათი კილო გააკეთა მეორე გადასაბმელი ნაჭრის კიდეზე.
18გააკეთა ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი გადასაფარებლის გადასაბმელად, რომ ერთი მთლიანი გამოსულიყო.
19გაუკეთა გადასაფარებელს გადასახურავი დათრიმლული ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი თახაშის ტყავებისგან.
20სვეტებად ურთხელის ძელები გაუკეთა სავანეს.
21ათი წყრთა იყო ძელის სიგრძე, წყრთანახევარი იყო თითოეული ძელის სიგანე.
22ორ-ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთა სავანის ყველა ძელს.
23გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24ორმოცი ვერცხლის ფეხი დაუყენა ქვეშ ოც ძელს, ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
25სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთის მხარეს გააკეთა ოცი ძელი;
26და ორმოცი ვერცხლის ფეხი: ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ, ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ.
27სავანის უკანა მხარეს დასავლეთისკენ გააკეთა ექვსი ძელი.
28ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით: ასე გააკეთა ორივესთვის ორსავე კუთხეში.
30იყო სულ რვა ძელი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი; ორ-ორი ფეხი თითო ძელის ქვეშ.
31გააკეთა ლარტყები ურთხელის: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის
32და ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, ხუთიც - სავანის უკანა მხარის ძელებისთვის, დასავლეთით.
33გააკეთა შუათანა ლარტყი, რომელიც გასდევს ძელებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.
34ძელები ოქროთი მოჭედა, რგოლები ოქროსგან გააკეთა, აგრეთვე ლარტყების ჩასადგმელები; ლარტყებიც ოქროთი მოჭედა.
35გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა.
36გაუკეთა მას ურთხელის ოთხი სვეტი ოქროს კაუჭებითურთ და ოქროთი მოჭედა; ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის ფეხი.
37დაამზადა მოხატული ფარდა სავანის შესასვლელისთვის ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან,
38და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ; ოქროთი მოჭედა მათი თავები და სალტეები, გააკეთა სპილენძის ხუთი ფეხი.
Next