Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
2გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად.
3უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
4აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
5აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი.
6გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
7ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს.
8მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
9აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
10ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
11ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
12მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
13ბუდეები ოქროსი გააკეთე.
14და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
15გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე.
16ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი.
17ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
18მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
19მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
20მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი.
21ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
22გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი.
23გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს.
24გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე.
25მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან.
26გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
27გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
28გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.
29თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.
30მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
31გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
32შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
33ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
34ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
35ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს.
36გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
37მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს.
38ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
39მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
40აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად.
41შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.
43ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
Next