თავი - 27
Previous1გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
2გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.
3გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე.
4გაუკეთე ბადისებური ცხაური სპილენძისაგან; გაუკეთე ბადეს სპილენძის ოთხი რგოლი ოთხსავე კუთხეში.
5ქვეშიდან შეუდგი იგი სამსხვერპლოს. ბადე სამსხვერპლოს შუამდე უნდა სწვდებოდეს.
6გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, ურთხელის კეტები, და სპილენძით მოჭედე.
7რგოლებში გაუყარე კეტები; სამსხვერპლოს ორივე მხარეს იყოს კეტები მის სატარებლად.
8ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.
9ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს.
10ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა.
11ასევე ჩრდილოეთ მხარეს მთელს სიგრძეზე ასი წყრთა სიგრძის ფარდა და ოცი სვეტი ოცი სპილენძის კვარცხლბეკითურთ, სვეტების კავები და მისი სამაგრები ვერცხლისა.
12ეზოს სიგანეზე დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა სიგრძის ფარდები; და ათი სვეტი მისი ათი კვარცხლბეკითურთ.
13ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს ათი წყრთა ფარდა.
14თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი ფრთისთვის და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
15მეორე ფრთისთვის თხუთმეტი ფარდა და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
16ეზოს კარისთვის ჩამოსაფარებელი ოცი წყრთა ლურჯი, ძოწისფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან მოქარგული; ოთხი სვეტი ოთხი კვარცხლბეკითურთ.
17ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის.
18ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.
19სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.
20უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
21სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.
Next