Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი.
3აი, შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
4ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი, სელი და თხისური.
5დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.
6გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.
7სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
10გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
11ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
12ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
13გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.
14კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.
15კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.
16ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ.
17გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.
19ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
20თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
21ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ.
22მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.
23გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
24წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს.
26ოთხი ოქროს რგოლი გაუკეთე და ოთხსავე კიდეზე ოთხსავე ფეხთან მიუმაგრე.
27კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე, ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს.
28გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.
29გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე.
30მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური.
31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
32ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან.
33სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
34სასანთლის ღეროზე კი ოთხი ნუშისებური ჯამი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
36მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყიოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან.
37გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად.
38მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე.
39ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ.
40იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
Next