Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1უთხრა მოსეს: ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და შორიდან ეცით თაყვანი.
2მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ; ხალხი არ ავიდეს მასთან ერთად.
3მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს.
4დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.
5გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად.
6აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა.
7აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.
8აიღო მოსემ სისხლი და მიასხურა ხალხს, თქვა: აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე.
9ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი.
10იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა.
11ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი; ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ.
12უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
13ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
14ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.
15ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა.
16მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან.
17გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.
18შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
Next