თავი - 23
Previous1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
2უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
3შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.
4თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.
5თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე.
6ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
8ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
9მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
10ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი.
11მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე, რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა.
13რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.
14სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
15უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.
17წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
18საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი.
19შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.
20აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
21უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.
22თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს.
23როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,
24თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის.
26არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი; ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.
28კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს.
29არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები.
30თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
32ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.
33არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.
Next